ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის 25 იანვრიდან ემზადება. გუნდმა პირველი ტესტ-მატჩი მესამე ლიგის წარმომადგენელ – „დიდუბესთან“ ჩაატარა.
თამაშამდე ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის „სიონი“ დატოვა დირექტორმა, ლევან სანიკიძემ. ბოლნისელთა რიგებში თორნიკე გორგიაშვილმა ითამაშა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა, თასსა და სუპერთასზე გამარჯვება წამყვან ქართულ კლუბებში იზეიმა – „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოში“. ბოლოს გორგიაშვილი გორის „დილაში“ ირიცხებოდა.
„სიონმა“ ასევე დაიმატა მეკარე გიორგი კულუა („სამტრედია“), ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე („სამტრედია“), საყრდენი ნახევარმცველი ანთო ენდელაძე („რუსთავი“), ფლანგის შემტევი ბიძინა მახარობლიძე (თბილისის „მერანი“) და თავდამსხმელი გიორგი ხარებაშვილი („რუსთავი“).
საკონტროლო შეხვედრა მუხიანის სარაგბო კომპლექსში გაიმართა და „სიონმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. ერთი გოლი გორგიაშვილის ანგარიშზეა, ასევე თითო გაიტანეს უგრეხელიძემ, გუჯაბიძემ და კლოპოსმა.
„სიონი” (1 ტაიმი): ისიანი, ხვადაგიანი, აწყურელი, ხეცურიანი, გ. უგრეხელიძე, თარხნიშვილი, მახარობლიძე, გორგიაშვილი, ხარებაშვილი, ენდელაძე, მესხი.
(2 ტაიმი): კულუა, კორიფაძე, გუჯაბიძე, ლ. უგრეხელიძე, ტვილდიანი, ქოჩლაძე, ღვინიაშვილი, სიჭინავა, ვ. ისიანი, ხარებაშვილი, მახარობლიძე (60. კლოპასი).