ბოლნისის „სიონი“ მე-19 ტურის შეხვედრას, 4 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“, „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, „მიხეილ მესხზე“, 21:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციასაც ELIGA.GE განახორციელებს.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე წრეს ბოლნისელები ახალი მწვრთნელით, ახალი ფეხბურთელებით და დიდი მოტივაციით იწყებენ. გუნდს თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. სიახლეა შემადგენლობაშიც, გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა – ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭეიშვილმა, მიხეილ მუჯრიშვილმა, გიორგი გაფრინდაშვილმა, გიორგი ბერიაშვილმა, ცოტნე სამუშიამ და ჯაბა დვალმა.
„სიონმა“ სატრანსფერო პერიოდში ექვსი ფეხბურთელი დაიმატა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, ნახევარმცველები დავით კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, თავდამსხმელები სერგეი ტრეტიაკი, ვილი ისიანი და მცველი ვასილ ბაჩიაშვილი.
მოსამზადებელ პერიოდში „სიონმა“ სამი საკონტროლო მატჩი გამართა, სადაც ერთი მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ერთიც წააგო.