სინერის დოპინსკანდალზე ჩოგბურთელმა და ATP-მ კომენტარი გააკეთეს #1TVSPORT
იანიკ სინერმა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოცოაციამ (ATP) გამოაქვეყნეს ოფიციალური კომენტარები იტალიელი ჩოგბურთელის დოპინგსაქმეზე.
„უკან ვტოვებ ამ მძიმე და ძალიან წარუმატებელ პერიოდს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რათა კვლავინდებურად დავიცვა ანტისადოპინგო წესები. ჩემ გარშემო შეკრებილია გუნდი, რომელიც ზუსტად იცავს ყველა სტანდარტს“, – დაწერა სინერმა სოციალურ ქსელებში.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ იანიკ სინერის მხრიდან არ ყოფილა აღმოჩენილი არანაირი ბრალეულობა ან გულგრილობა. ასევე, გვინდა, აღვნიშნოთ გამოძიების წარმოების მაღალი დონე და ფაქტების დამოუკიდებელი შეფასება ანტისადოპინგო პროგრამის ფარგლებში, რამაც საშუალება მისცა მას, გაეგრძელებინა მონაწილეობა ტურნირებში. ეს რთული საქმე იყო სინერისთვის და მისი გუნდისთვის და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მოთამაშეები და მათი გარემოცვა უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ პროდუქტების ან სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას. ჩვენს სპორტში პატიოსნებას უპირველესი მნიშვნელობა აქვს“, – წერია ATP-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იანიკ სინერმა ორჯერ ჩააბარა დადებითი დოპინგტესტი, მაგრამ თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია.
მარტში, ინდიან უელსის „მასტერსის“ დროს იტალიელი ჩოგბურთელის სინჯში აღმოაჩინეს ანაბოლური სტეროიდის – კლოსტებოლის კვალი. რამდენიმე დღის შემდეგ განმეორებითმა სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა. განცხადებაში, რომელიც სამშაბათს სინერის სახელით გავრცელდა, წერია, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის მიზეზით მოხვდა.
სპეციალისტი თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა საშუალებას, რომელიც შეიცავდა კლოსტებოლს, რის შესახებაც არც ფიზიოთერაპევტმა და არც სინერმა არაფერი იცოდნენ.
ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ვერ იპოვნა საბაბი სინერის მიმართ სერიოზული სანქციებისთვის. ერთადერთი სასჯელი გახდა 400 სარეიტინგო ქულის ჩამოკლება, რომელიც იტალიელმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ მოიპოვა.