სიმონე ინძაგი - სასიამოვნო მოსასმენია, რომ ალეგრი ფავორიტად „ინტერს“ მიიჩნევს #1TVSPORT
ხვალ, 24 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსი“ „ინტერს“ ესტუმრება.
ტურნელთა მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და მეტოქის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მასიმილიანო ალეგრის თქმით, იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი სწორედ მათი ხვალინდელი მეტოქეა.
„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კოლეგისა და მეტოქის კომენტარს გამოეხმაურა. სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ ალეგრის კომპლიმენტი სასიამოვნო მოსასმენი იყო.
„იტალიის ჩემპიონატი საწყის სტადიაშია და ხვალ ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia. – ალეგრი მიიჩნევს, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. ალეგრის დიდ პატივს ვცემ. მეც შემიძლია, იგივე ვთქვა „იუვენტუსის“, ასევე „ნაპოლისა“ და „მილანის“ შესახებ. შევეცდებით, ხვალ ჩვენი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინოთ.
„იუვენტუსი“ ჩვენი ისტორიული მეტოქეა და ძალიან უნდა მოვინდომთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიოთ. „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მწყობრში ჩადგნენ და შესანიშნავ თამაშს გვაჩვენებენ“.
სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ მეშვიდე პოზიციაზეა, „ინტერი“ კი მესამე ადგილზე იმყოფება.