სიხარულიძემ დუბლი შეასრულა - „საბურთალომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის მორიგი მატჩი თბილისში გაიმართა – „საბურთალო“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და 3 ქულა მოიპოვა.
„მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „საბურთალომ“ გადამწყტვეტ უპირატესობას მეორე ნახევარში მიაღწია. მატჩის გმირი მასპინძელთა თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე იყო, რომელიც მეორე ნახევარში სამ გოლში მონაწილეობდა.
„საბურთალოს“ თავდამსხმელმა ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა. 75-ე წუთზე სიხარულიძემ უკვე ბურთი გაჭრა და შეტევა წამოიწყო, რომელიც ლევან ნონიკაშვილმა გიორგი გულიაშვილს გაუგრძელა, მან კი ზუსტად დაარტყა. 85-ე წუთზე კი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და ამ გოლში მისი ასისტენტი ლევან ნონიკაშვილი იყო.
საბოლოოდ, „საბურთალომ“ 3:0 მოიგო და 11 ტურის შემდეგ, მოპოვებული ქულებით (18) ლიდერებთან სხვაობა შეამცირა, მესამეადგილოსან „დინამო თბილისს“ (19) კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „გაგრას“ (14), გუნდი მე-6 პოზიციაზე დარჩა.
ირაკლი სიხარულიძეს ამ შეხვედრის შემდეგ 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჯოვინო ფლამარიონს ჩამორჩება – ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელ ლეგიონერს მხოლოდ ერთით მეტი გოლი აქვს გატანილი.