სიგუა გამოჯანმრთელდა და „ბაზელში“ ითამაშა - ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება #1TVSPORT
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ გაბრიელ სიგუა მოედანს დაუბრუნდა და შვეიცარიის სუპერლიგაში „ბაზელის“ შემადგენლობაში ითამაშა.
19 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდი „ივერდონს“ ესტუმრა და მე-19 წუთიდან 10 მოთამაშით დარჩენილი მეტოქე 4:1 დაამარცხა. შვეიცარიის სუპერლიგაში გამართული 14 ტურის შემდგე „ბაზელი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.
სიგუა მოდანზე 78-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა – მან შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ლიდერი ჯერდან შაქირი შეცვალა, რომელმაც კარიერა სწორედ „ბაზელში“ დაიწყო და გუნდში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მანამდე კი რამდენიმე გრანდში („ბაიერნი“, „ინტერი“, „ლივერპული“), ასევე „სტოკ სიტიში“, „ლიონსა“ და „ჩიკაგო ფაიერში“ ითამაშა. მან შვეიცარიის ნაკრებში კარიერა 2024 წლის 15 ივლისს დაასრულა (25 მატჩი, 32 გოლი).
სიგუა ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, მაგრამ „ჯვაროსნების“ ფორმით არ უთამაშია. „ბაზელში“ დაბრუნების შემდეგ კი ტრავმა მიიღო და მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
ამ მატჩის შემდეგ გაბრიელ სიგუა საქართველოში გამოემგზავრება და ახალგაზრულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც 15 და 19 ნოემბერს ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას ჯერ – თბილისში, შემდეგ კი ხორვატიაში დაუპირისპირდება.