„სან ანტონიო სპურსთან“ სტუმრად წაგებული მატჩი „პორტლენდისთვის“ ორმაგად დამაზიანებელი გამოდგა.
გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სი ჯეი მაკალუმმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც შემდგომ გაირკვა, ტრავმა მძიმე არ გამოდგა, თუმცა „ტრეილბლეიზერსის“ წამყვან მოთამაშეს მინიმუმ ერთი კვირა დასვენება მოუწევს.
დემიენ ლილარდის შემდეგ, სი ჯეი „პორტლენდში“ ყველაზე ღირებული ფიგურაა. იმ შემთხვევაში, თუ ლილარდს თამაში არ მისდის, დატვირთვა სწორედ მაკკალუმზე ინაცვლებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობა მოახლოებული პლეიოფების წინ არ რისკავს და კალათბურთელს ბოლომდე რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს. ამ დროისთვის „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში 43 მოგებითა და 27 წაგებით, მეოთხე ადგილზე იმყოფება.