ლევან შენგელიამ სრულად ითამაშა „კონიასპორში“ თურქული ფეხბურთის გრანდის, „გალათასარაის“ წინააღმდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა – „კონიასპორი“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა ორჯერ აღადგინეს. მასპინძლებმა „გალათასარაის“ კარი მესამედ 82-ე წუთზე აიღეს და სტუმრებმა მთელი ძალით შეუტიეს. შენგელიამ სწორედ ამ დროს შეასრულა საგოლე პასი – 90+2-ე წუთზე, უკრაინელმა არტიომ კრავეცმა მისი გადაცემით ისარგებლა და შანსი გოლად აქცია.
„გალათასარაიმ“ ერთის ბურთის გატანა მაინც მოასწრო, მაგრამ, საბოლოოდ, „კონიასპორმა“ მოიგო 4:3 და 22 ქულით მე-8 ადგილზე აინაცვლა. ლევან შენგელიას გუნდს ორი თამაში კორონავირუსის გამო გადაუდეს და ეს მატჩები რომ მოიგოს, ხუთეულს მიუახლოვდება.
შენგელიამ „კონიასპორში“ 14 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „გალათასარაისთან“ საერთაშორისო ანალიტიკურმა გვერდმა „სოფასქორმა“ ქართველ თავდამსხმელს საკმაოდ მაღალი შეფასება, 6,8 ქულა დაუწერა.