ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრებისა და „ლუცერნის“ ნახევარმცველზე ინფორმაცია „ლუცერნერ ცაიტუნგმა“ გაავრცელა.
შვეიცარიულმა გამოცემამ გამოქვეყნა წერილი სათაურით „ვაკო გვილია მარბელიაში შეკრების ნაცვლად პოლონეთში მიდის?“, სადაც წერს, რომ ექსტრაკლასას გუნდში გვილიას კონტრაქტის საკითხი გადაწყვეყლია და ის „ლუცერნს“ შეკრებაზე არ გაყვება.
„ესპანურ შეკრებაზე „ლუცერნი“ პარასკევს მიემგზავრება. რადგან სატრანსფერო ფანჯარა კიდევ გახსნილია, „ლუცერნის“ მწვრთნელი რენე ვეილერი ყველა მოთამაშეს არ წაიყვანს. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ვალერიან „ვაკო“ გვილიას (24 წლის) რენო ვეილერთან გაუჭირდა. მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის მხოლოდ 11 ტურში ათამაშა და მხოლოდ 567 წუთი (1 გოლი) – ეს ქართველ მოთამაშეს არ აკმაყოფილებს“ – წერს გაზეთი.
გამოცემა ქართველის ახალ მიწვევასაც ახსენებს: „როგორც ჩანს, გვილიას გზა აღმოსავლეთ ევროპაში დაბრუნებაა – ის შვეიცარიამდე ბელარუსში, ბორისოვოს „ბატეში“ თამაშობდა, ახლა კი პოლონეთში გადადის. ჩვენი ინფორმაციით, გვილიამ იქაური პირველი დივიზიონის კლუბი დააინტერესა. მაგრამ „ლუცერნის“ სპორტულ დირექტორს, რემო მეიერს სურს, რომ ტექნიკურად ძლიერი ნახევარმცველი ზაფხულში დაბრუნდეს. ვეილერის წინამორბედ ჯერარდო სოიანოსთან გვილია ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, ბრწყინავდა და გუნდის ფანების გულები დაიპყრო. ნაკრებიდან მუხლის ტრავმით დაბრუნების შემდეგ კი „ლუცერნში“ ადგილი ვეღარ დაიბრუნა. თუ ტრანსფერზე ყველაფერი კარგად იქნება, პარასკევს „ლუცერნს“ გვილია ანდალუსიაში არ გაჰყვება. ახალ კლუბს კი, როგორც ჩანს, სურს გვილია მალე დაიმატოს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველის ახალი კლუბი პოლონური ექსტრაკლასას ბინადარი ჟაბჟეს „გურნიკია“.