შვეიცარიული გამოცემა - „ლუცერნს“ კაკაბაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივების მიზეზები არ აქვს
შვეიცარიულმა გამოცემა „ზენტრალპლუსმა“ „ლუცერნის“ სატრანსფერო გეგმებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გუნდს საქართველოს ნაკრების მცველთან, ოთარ კაკაბაძეს თანამშრომლობა არ უღირს.
„ქართველ ფეხბურთელს „ლუცერნთან“ კონტრაქტი აქვს, რომელიც 2021 წლამდე მოქმედებს. დღევანდელი გადასახედიდან, ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად გასაგები მიზეზები არ არსებობს. მართალია, ოთარ კაკაბაძე უნივერსალია და გუნდის დაცვით და შეტევით ფუნქციებში მონაწილეობა შეუძლია, მაგრამ მისი შესაძლებლობები ლიმიტირებულია და არც ტექნიკურად გამოირჩევა“, – წერს ვებგვერდი.
ძნელი სათქმელია, ამ წერილში გამოქვეყნებული მოსაზრებები და „ლუცერნის“ მთავარი მწვრთნელის, ფაბიო ჩელესტინის გეგმები ერთმანეთს რამდენად ემთხვევა. უცნაური ისაა, რომ გამოცემა კაკაბაძის ტექნიკურ დონეს უარყოფითად აფასებს, რაც ქართველის მთავარი პლუსია.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე 2019 წლის შემოდგომაზე ხორვატიის ნაკრებთან შეხვედრაზე დაშავდა და „ლუცერნის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ივლისში დაბრუნდა. ის შვეიცარიულ კლუბში 2018 წელს ესპანური „ხიმნასტიკიდან“ 500 ათასი ევროს საფასურად გადავიდა.