შვეიცარიასთან და ხორვატიასთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრები გერმანიაში ემზადება
შვეიცარიასთან და ხორვატიასთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრები გერმანიაში ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორი დღეა გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის ემზადება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გუნდში უკვე ყველა ფეხბურთელი გამოცხადდა. 12 ნოემბერს ქართველმა ფეხბურთელებმა ლანდსბერგის სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.

როგორც ცნობილია, შვეიცარიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებს საქართველოს ნაკრები დაცვის ხაზში დანაკლისით ხვდება – საბა კვირკველია უთამაშებელია, ხოლო ჯიმი ტაბიძე მცირე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ამის გამო, ვაისმა ეროვნულ ნაკრებში თბილისის „საბურთალოს“ წევრი გიორგი რეხვიაშვილი გამოიძახა, რომელიც გუნდს უკვე შეუერთდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში კიდევ ერთ ვარჯიშს ხვალ გამართავს, ხოლო 14 ნოემბერს გუნდი შვეიცარიაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩისწინა ბოლო ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს სენტ გალენის სტადიონზე 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გამართავს. 19 ნოემბერს კი „ჯვაროსნები“ 21:00 საათზე პულაში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.