შვეიცარიამ ბელგია გაანადგურა და ერთა ლიგის ფინალის მესამე მონაწილე გახდა
შვეიცარიამ ბელგია გაანადგურა და ერთა ლიგის ფინალის მესამე მონაწილე გახდა

გვიან ღამით, ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მესამე მონაწილე გამოვლინდა. ინგლისსა და პორტუგალიას შეუერთდა შვეიცარიის ნაკრები, რომელსაც მხოლოდ მოგება სჭირდებოდა ბელგიასთან, თანაც ორი ბურთით.

როცა მე-17 წუთისთვის ტორგან აზარმა დუბლი შეასრულა და ბელგია 2:0 დააწინაურა, აღარავის ეჭვი არ ექნებოდა იმაში, რომ ბელგიელები გაისად, ივნისში პორტუგალიაში, „ოთხთა ტურნირზე“ სათამაშოდ გაემგზავრებოდნენ. მაგრამ უკვე პირველ ტაიმში ეს პერსპექტივა სათუო გახდა, რადგან შვეიცარიამ სამი გოლით უპასუხა. მეორე ტაიმში ბელგია გონს ვეღარ მოვიდა, კიდევ ორი გოლი გაუშვა და 2:5 დამარცხდა. ამაში ყველაზე დიდი წვლილი „ბენფიკას“ ფორვარდმა ჰარის სეფეროვიჩმა – მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.