შვეიცარია-საქართველო პირველ არხზე | ახალგაზრდული ნაკრების ევროშანსი
შვეიცარია-საქართველო პირველ არხზე | ახალგაზრდული ნაკრების ევროშანსი

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. გია ცეცაძის გუნდი შვეიცარიაში ჩავიდა და ვინტერთურის „შუტზენვიზეს“ სტადიონზე მასპინძელ თანატოლებს შეხვდება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში ორი მატჩი ჩაატარა, ლიხტენშტაინს გორში ანგარიშით 4:0 სძლია, ხოლო ბაქოში აზერბაიჯანი ანგარიშით 0:3 დაამარცხა და 6 ქულით ლიდერობს. შვეიცარიამ კი ჯგუფში ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, გასვლაზე ლიხტენშტაინს ანგარიშით 0:5 სძლია და 3 ქულა აქვს.

მატჩის მნიშვნელობა დიდია. საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სტარტით დიდი ნაბიჯი გადადგა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რომელსაც უნგრეთი და სლოვენია ერთად უმასპინძლებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი შვეიცარიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრის მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ. მატჩი 21 საათიდან დაიწყება.

გუნდს შვეიცარიელებთან ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე დააკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ იური ტაბატაძე („საბურთალო“) და ვახტანგ ნებიერიძე (ქუთაისის „ტორპედო“) გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი);

მცველები: ნიკა მალი, იური ტაბატაძე (ორივე – საბურთალო, თბილისი), ილია ბერიაშვილი, თორნიკე ძოწენიძე (ორივე – თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი, ლუკა სილაგაძე (ორივე – რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი).