შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი - ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, გვინდა, ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით
ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, გვინდა, ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, – ამის შესახებ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილოს არსებული ვითარება.
„შვედეთი საქართველოს მეგობარია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვიყავით მრავალი წლის განმავლობაში და ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს. გვინდა, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს და გვჯერა, არსებობს დიდი შესაძლებლობი, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის ინვესტიციები, თანამშრომლობა. ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ჩვენ გვინდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა, ასევე, ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა იოჰან ფორსელმა.
რაც შეეხება კითხვას, „რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – იოჰან ფორსელი ამბობს, რომ ვერ უკარნახებს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. კანონპროექტიც და ტერმინები, ფრაზები, რაც ვიხილეთ, რომლებიც ფოკუსირებულია უცხოეთის გავლენაზე, ძალიან უადგილოა. მინდა, გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ჰქონდეს ახლო ურთიერთობები არა მხოლოდ შვედეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. ამიტომ, მოდით, ვკონცენტრირდეთ კარგზე. ფოკუსირება მოვახდინოთ თანამშრომლობაზე, თუმცა ინიცირებული კანონპროექტი არის შემაშფოთებელი“, – განაცხადა იოჰან ფორსელმა.
ამასთან, იოჰან ფორსელმა აღნიშნა: „ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და გადაწყვეტილებებს. ვიცით, საქართველოს მოსახლეობაში არსებობს დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. შვედეთი მხარს უჭრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ როდესაც ხარ მეგობარი, ეს ასევე ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გულწრფელი. ინიცირებული კანონპროექტი შემაშფოთებელია, ასევე, შემაშფოთებელია რიტორიკა, რაც ვნახეთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ნაბიჯები გადაიდგება დიალოგისა და ახალი ძლიერი თანამშრომლობისთვის როგორც შვედეთთან, ისე სრულად ევროკავშირთან“.