შვედეთის ნაკრების კაპიტანი - კვარაცხელიასთან აშკარად შევცდი #1TVSPORT
ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი ითამაშა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მისი დუბლით (2:0) შვედეთი დაამარცხა. მისი ორი გოლიდან ერთ-ერთი ვიქტორ ნილსონ ლინდელოფის შეცდომის შემდეგ გავიდა.
შვედეთის ნაკრების კაპიტანმა წაგებული მატჩის შემდეგ თავადაც აღიარა, რომ მეორე გოლის დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ბურთს არასწორად დახვდა. მან ბურთის ჩაჭრა სცადა, მაგრამ კვარაცხელია გასცდა და ანგარიში 2:0 გახადა.
„ეს ჩემი მხრიდან ცუდი თამაში იყო. მეგონა, რომ ბურთს ფეხი დავახვედრე, ბურთის დარტყმას ვცდილობდი, მაგრამ ცხადია, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო. ამ დროს 1:0-ს ვაგებდით, მეორე გოლის შემდეგ კი საქმე კიდევ უფრო გაგვირთულდა. ჩემი ამ მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვარ“, – ამბობს ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი.
შვედეთის ნაკრების კაპიტანმა ამ დროს სხვების შეცდომაზე ლაპარაკი არ ისურვა და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო:
„ეს შეცდომა იყო და თუ ფიქრობთ, რომ ეს სხვების ბრალიც არის, უცნაურია, რადგან შეცდომა მე დავუშვი. ბურთი უბრალოდ უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით“.