„შუქურასთან“ უმაყურებლოდ - ბათუმის „დინამო“ ახალ სეზონს ცარიელი ტრიბუნების წინ გახსნის #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 26 თებერვალს ქობულეთის „შუქურასთან“ მატჩით გახსნის, მაგრამ შეხვედრას გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
„ბათუმის სტადიონზე აჭარულ დერბის გულშემატკივრები გასულ წელს დაკისრებული სანქციის გამო ვერ დაესწრებიან, რომელიც ერთმატჩიან სასჯელს ითვალისწინებს. 3 მარტს მეორე ტურის შეხვედრაში „საბურთალოს“ ვუმასპინძლებთ. იმედი გვაქვს, სავსე ტრიბუნებს ვიხილავთ და ჩვეულ მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
ბათუმელებს სასჯელი 2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე დაუწესეს. მიზეზი 12 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტები გახდა.
სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის „დინამოს“ საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა (2 ათასი ლარი) დააკისრა. ამავე დროს, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე სტუმრად ჩატარებულ მატჩებზე სტადიონზე შესვლა აეკრძალა.
დასაჯეს ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გურამ ბერიძეც – მას 2 000 ლარის გადახდა და ბათუმის „დინამოს“ 6 მატჩზე (როგორც შინ, ასევე სტუმრად) სტადიონზე შესვლა აეკრძალა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს კი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა (1000 ლარი) დაეკისრა.
ბათუმის „დინამომ“ ეს სასჯელი გააპროტესტა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შცვლილა.