„შუქურას“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - ქობულეთში გუნდის გადასარჩენად აქცია დაგეგმეს #1TVSPORT
„შუქურას“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - ქობულეთში გუნდის გადასარჩენად აქცია დაგეგმეს #1TVSPORT

ირაკლი ბერიძემ, რომელიც ქობულეთის „შუქურას“ დირექტორის პოსტიდან მცირე ხნის წინ გადადგა, სოციალურ ქსლეში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე პოსტიდან გაათავისუფლეს.

„„შუქურას“ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეზო გოცირიძე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან აბსურდული მიზეზების გამო გათავისუფლებულია. თავად განსაჯეთ – გუნდს მოვაგებინეთ ლიგა 2, გადავედით უმაღლეს ლიგაში, ამის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას მე, კლუბის დირექტორი, გამომდინარე იქედან, რომ კლუბში შექმნილი ვითარება დარჩენის მორალურ უფლებას არ მაძლევდა. მთავარი მწვრთნელი სრულად იზიარებდა პირადად ჩემს პოზიციას და ამის გამო ისჯება კაცი, რომელმაც „შუქურას“ ეროვნული ლიგის საგზური მოუპოვა. რეზო, მადლობა ქობულეთისთვის გაწეული საქმიანობისათვის, ჩვენ „შუქურას“ დროებით ჩამოგვაშორეს. მაგრამ ეს საქმე ასე არ დასრულდება, ამაზე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას“, – წერს ირაკლი ბერიძე.

ქობულეთის „შუქურას“ გულშემატკივრებმა „ფეისბუქის“ გვერდზე „ქობულეთი Page“ განცხადება გაავრცელეს და გუნდის გადასარჩენად დაგეგმილი აქცია დააანონსეს.

„ძვირფასო ქობულეთელებო, მოგეხსენებათ გუნდის დიდი პრობლემა – „შუქურას“ ფუნქციონერება შეწყვეტილი აქვს. ერთი დღე უნდა გავერთიანდეთ. გთხოვთ, ამ გუნდის გადარჩენაში ყველამ შეიტანოთ წვლილი. უნდა მოხვიდეთ და ქალაქისთვის გადავდგათ ნაბიჯი,“ – წერია განცხადებაში.