„შუქურამ“ ქულები პირველად დაკარგა - ლიდერთან სხვაობა ორივე „მერანმა“ შეამცირა #1TVSPORT
„შუქურამ“ ქულები პირველად დაკარგა - ლიდერთან სხვაობა ორივე „მერანმა“ შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიდერმა „შუქურამ“ სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამაგიეროდ, ორივე „მერანმა“, მარტვილის და თბილისის გუნდებმა მოიგეს და ლიდერთან სხვაობა შეამცირეს.

მერანი მრ 3 : 1 სამტრედია

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართული შეხვედრა „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო და დავით კირკიტაძის მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა. მაგრამ „მერანმაშეიკნე სილას დუბლით (55, 63) და მასოაბის გოლით (90+4) მეტოქე და კონკურენტი დამაჯერებლად დაამარცხა.

რუსთავი 0 : 2 სპაერი

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აუტსაიდერების მატჩი გაიმართა – „რუსთავმა“ „სპაერს“ უმასპინძლა და დამარცხდა. გამარჯვებულებიდან გოლები გიორგი შუშიაშვილმა (74) და ლევან ქალდანმა (90+5) გაიტანეს. ეს „სპაერისთვის“ სეზონში პირველი გამარჯვება იყო.

გარეჯი 1 : 1 ვიტ ჯორჯია

საგარეჯოს „გარეჯში“ მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი მოხსნეს, მის არყოფნაში გუნდი მოედანზე რამაზ მუმლაძემ გაიყვანა. მასპინძლები ახლოს იყვნენ მოგებასთან, რადგან 69-ე წუთზე გუნდი გი გნაბუიუმ დააწინაურა, რომელსაც საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2010 წელს „მარსელში“ საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. მაგრამ მე-80 წუთზე საგარეჯოელთა მცველმა ვახტანგ კაპანაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ვიტ ჯორჯიამ“ ქულა გადაარჩინა.

დინამო ზგ 2 : 2 შუქურა

განმუხურის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ზუგდიდელებმა ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ რუხის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლეს, რომელმაც სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ანგარიში ქობულეთელთა ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ 41-ე წუთზე გახსნა. მერე კი მაყურებლებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო თამაში დროებით შეჩერდა. ზუგდიდელთა ლეგიონერმა მელქისედეკ ცვალემ 45+12-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 45+24-ე წუთზე პენალტით სტუმრები ზურაბ მუსელიანმა ისევ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი ავთო ენდელაძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა და ზუგდიდის „დინამომ“ ქულა მოიპოვა.

მერანი თბ 4 : 0 შევარდენი

თბილისის „მერანმა“ „შევარდენი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. ცოტნე ჩიქოვანმა (8, 13, 83) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი ნიკა ჩაგუნავას (68) ანგარიშზეა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.