„შუქურამ“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - „გაგრამ“ მუსელიანის ჰეთ თრიკით მოიგო #1TVSPORT
„შუქურამ“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - „გაგრამ“ მუსელიანის ჰეთ თრიკით მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრის ბოლო ტური სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩით დაიწყო – ქობულეთის „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და წარმატებული სერიის გაგრძელებაც შეეძლო, მაგრამ დიდი უპირატესობა გაანიავა და 3:4 დამარცხდა.

ანგისის ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე გამართული ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩში „გაგრა“ მე-16 წუთზე კახი კაკაშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე „შუქურამ“ სამი გოლის გატანა მოახერხა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. 34-ე წუთზე ქობულეთელთაგან თავი გიორგი ჯანელიძემ გამოიჩინა, ხოლო 35-ე და 38-ე წუთებზე დავით მუჯირმა დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „გაგრამ“ მასპინძელთა უპირატესობა სწრაფად გააბათილა, რაშიც მთავარი როლი თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა ითამაშა, რომელმაც სამწუთიან მონაკვეთში (52-ე და 55-ე წუთებზე) ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა, ჰეთ თრიკი შეასრულა და „გაგრას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

18 ტურის შემდეგ „შუქურა“ 12 ქულით მე-8 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „გაგრამ“ (13) ქობულეთელებს ქულით გადაასწრო და მეშვიდე ადგილზეა.