„შუქურამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უჩა სოსიაშვილის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„შუქურამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უჩა სოსიაშვილის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა თანამდებობა დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის „შუქურა“ დატოვა. კლუბმა დააკმაყოფილა მთავარი მწვრთნელის თხოვნა და მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა. მადლობას ვუხდით უჩას გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულ ლიგაში „შუქურა“ მერვე ადგილზეა. გუნდში ფინანსური პრობლემებია. ამას გარდა, „ჩელე არენაზე“ სარეკონსტრუქციო სამუშოების გამო გუნდი საშინაო მატჩებს, ქობულეთის ნაცვლად, ზესტაფონში, ბათუმსა და თბილისში ატარებს. ამის მიუხედავად, მეორე წრე ქობულეთელებმა საკმაოდ შედეგიანად ჩაატარეს.

33 წლის სოსიაშვილი ახალი თაობის მწვრთნელებში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია. თავის დროზე გორის „დილა“ გააჩემპიონა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა – „დილაში“ მუშაობისას ის 26 წლის იყო. სხვადასხვა დროს უმუშავია „სამტრედიაში“, „რუსთავში“, წყალტუბოს „სამგურალსა“ და ბოლნისის „სიონში“.