„შუქურა“ უდანაკარგოდ ლიდერობს, ზუგდიდელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა – ერთი მასპინძლებმა მოიგეს, მეორე სტუმრებმა, გამარჯვება კი ორივემ ორბურთიანი სხვაობით მოიპოვა.
დინამო ზგ – ვიტ ჯორჯია 2:0
განმუხურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. მელქისედეკ ცვალეს პასით უკრაინელმა მცველმა სერგი დიაჩუკმა ისარგებლა. 72-ე წუთზე კი უკრაინელმა ლეგიონერმა საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი კი ავთო ენდელაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. ამ მოგებით, ზუგდიდის „დინამომ“ 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.
რუსთავი – შუქურა 1:3
რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში „რუსთავმა“ გათამაშების ლიდერ ქობულეთის „შუქურასთან“ მატჩი სასურველი სცენარით დაიწყო, მაგრამ არასასურველით დაასრულა. ანგარიში მე-18 წუთზე „რუსთავის“ მცველმა დიმა შარიქაძემ მიმდინარე სეზონში მე-3 გოლით გახსნა, მაგრამ ქობულეთელებმა წონასწორობა აღადგინეს და დაწინაურდნენ – ლევან ინგოროყვამ (51, 59 -პენალტი) დუბლი შეასრულა, ბოლოს კი მასპინძლებს ოლეგ მამასახლისმა (71) გაუტანა. „შუქურამ“ 12 ქულა დააგროვა და ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ გამოუტოვებია და ქულები არ დაუკარგავს.
ტურის სამი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეს მატჩები 6 აპრილს გაიმართება:
ეროვნული ლიგა 2. ტური 4
ოთხშაბათი, 6 აპრილი
სპაერი – სამტრედია
15:00. სპაერის სტადიონი – თბილისი
მერანი მრ – შევარდენი 1906
15:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი
გარეჯი – მერანი თბ
15:00. ცენტრალური – საგარეჯო