ქობულეთის „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა“ ქალაქ ანტალიასთან მდებარე დაბა ბელეკში მოემზადება. გუნდი თურქეთში 8 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
„შუქურამ“ ამხანაგურ შეხვედრების გრაფიკიც დაგეგმა: 10 თებერვალს გიორგი შაშაშვილის გაწვრთნილები ტაშკენტის „ლოკომოტივს“ შეხვდებიან, რომლის კაპიტანიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა მახარაძეა.
13 თებერვალს ქობულეთელები ლატვიურ გუნდს, „ვენტსპილსს“ შეხვდებიან, სადაც ქართველი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე თამაშობს. ამავე დღეს, გუნდი გუჯა ლობჯანიძის ყოფილ კლუბს, ყაზახურ „ტარაზს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 თებერვალს – რუსეთის წარმომადგენელ „ნეფტეხიმიკს“.
რაც შეეხება მეხუთე საკონტროლო შეხვედრას, ჯერ მეტოქე გაურკვეველია და ამ მატჩის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას „შუქურა“ მოგვიანებით გაავრცელებს.