სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ „შუქურა“ ქობულეთში დაბრუნდება – ეს სიახლე საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.
საგანგებოდ ევრო 2023-ისთვის ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური ცენტრი აშენდა. ამის მიუხედავად, „შუქურა“ საშინაო მატჩებს, ქობულეთის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხურთო ცენტრში მართავდა.
„შუქურა“ ქობულეთში აშენებული სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის იურიდიულ საკუთრებაში გადაცემას ელოდებოდა. ობიექტი მალე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა, კლუბსა და ადგილობრივ ხელისფლებას შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც საკითხს იურიდიულად მოაგვარებს. სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტს სტადიონი 10-15 სექტემბრისთვის გადაეცემა, რის შემდეგაც „შუქურა“ ქობულეთში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის დარჩენილ შეხვედრებს სფფ-ის ცენტრში ჩაატარებს.
ახლა გუნდს გულშემატკივრების მხარადჭერა სჭირდება, რადგან „შუქურა“ 24 ტურის შემდეგ შვიდი ქულით ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ემზადებოდა და პირობებით კმაყოფილი დარჩა.
რაც შეეხება „ჩელე არენას“, მის ადგილზე ახალ, თანამედროვე სტადიონს აშენებენ, რომელიც „ბათუმი არენის“ მსგავსი იქნება და 7-8 ათასამდე მაყურებელს დაიტევს. მისი მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.