„შუქურა“ ისევ დაუმარცხებელია - „მერანმა“ ბოლო წუთზე გაიმარჯვა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი განახლდა. მე-6 ტურის შეხვედრაში ლიდერებმა მოიგეს და მდგომარეობა გაიმყარეს.
მერანი თბ – რუსთავი 3:2
„სპაერის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა „რუსთავისთვის“ დრამატულად წარიმართა. სტუმრები ბანტუ მზვაკალისა (28) და დავით საჯაიას (55) გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ჯაბა კასრელიშვილმა გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-ტრიკი (58, 73, 90+3)შეასრულა. „მერანის“’ ფეხბურთელმა გადამწყვეტი გოლი დამატებული დროის მე-3 წუთზე გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
სამტრედია – დინამო ზგ 3:1
„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლები 32-ე წუთზე ნიკა აფხაზავას ავტოგოლით დაწინაურდნენ, 48-ე წუთზე ზუგდიდელთა მოთამაშე როინ ჩხაიძემ წონასწორობა აღადგინა. მაგრამ დასკვნითი ნაწილი „სამტრედიამ“ უკეთ ჩაატარა და ლევან ბარაბაძის (66) და გიორგი კურმაშვილის (75) გოლებით გაიმარჯვა.
შევარდენი – გარეჯი 0:3
კასპში გამართული შეხვედრა საგარეჯოელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ „გარეჯმა“ უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა. ანგარიში ნიკოლოზ ნოზაძემ (48) გახსნა, ხოლო გიორგი ხარებაშვილმა (69, 88 – პენალტი) დუბლი შეასრულა.
ვიტ ჯორჯია – მერანი მრ 1:2
გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ მატჩში „ვიტ ჯორჯია“ მე-6 წუთზე შოთა ავლოხაშვილმა დააწინაურა. მაგრამ მარტვილელებმა წონასწორობა მალე დავით ლომთაძის (14) გოლით აღადგინეს, ხოლო დამატებულ წუთებზე შეიკნე სილამ (90+2) „მერანს“ გამარჯვება მოუტანა.
შუქურა – სპაერი 3:1
ქობულეთის „შუქურა“ სახლში 3 ქულით დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ახალ სეზონში ქულა არ დაუკარგავს. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „სპაერი“ მე-3 წუთზე როინ ოდიშელიძემ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ „შუქურამ“ მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. წონასწორობა 22-ე წუთზე ლევან ინგოროყვამ აღადგინა, ხოლო ოლეგ მამასახლისმა დუბლი (39, 66) გაიფორმა.