„შტურმმა“ კიტეიშვილის სატრანსფერო ფასი დააწესა - ოთარი ავსტრიაში სხვა ქართველის ნაცვლად მიიწვიეს
ოთარ კიტეიშვილზე გამოცემა kleinezeitung-მ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილსაც გთავაზობთ:
კიტეიშვილს მხარი გუნდმაც აუბა
ოთარ კიტეიშვილს სეზონის დასაწყისში კორონავირუსი აღმოაჩნდა, შემდეგ კუნთი დაუზიანდა. და მაინც, ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის შვიდ მატჩში სამჯერ გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით ვენის „აუსტრიასთან“ მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ.
„ოთარი ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდიც ძალიან კარგად თამაშობს. ამიტომ ოთარის თამაში შესამჩნევია გახდა. ვფიქრობ, ის წელიწადნახევრის წინაც მშვენივრად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ, მაშინ მას გუნდმა მხარი ვერ აუბა”, – ამბობს გრაცელთა მმართველი დირექტორი ანდრეას შიკერი.
როგორ მოხვდა კიტეიშვილი „შტურმში“
კიტეიშვილი გუნდისთვის იღბლიანი ტრანსფერია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლა შესანიშნავ ფორმაშია. არადა, გადმოსვლამდე ქართველი გრაცის „შტურმის“ სატრანსფერო სიაშიც არ ყოფილა. ის გუნდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ კრისმა მოიყვანა, რომელმაც არ დამალა: „სხვა ქართველის აყვანას ვაპირებდი, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კლუბმა წაიყვანა. ამის შემდეგ მითხრა მენეჯერმა, რომ შენთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი მყავსო. ის ოთარი იყო და მომეჩვენა, რომ ის ჩვენ ძალიან შეგვეფერებოდა“.
კიტეიშვილი გუნდს მართლაც კარგად შეეწყო. ქართველიც გრაცში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მეუღლე მის გვერდითაა. პანდემიამდე ისინი გრაცში ხშირად სეირნობდნენ.
„აქ ძალიან მეგობრული ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, მე კი გუნდში საიმედო ხალხის ხელში ვარ“, – თქვა კიტეიშვილმა.
ქართველი გუნდში ნამდვილად კარგ ხელშია და ის მადლობას კარგი თამაშით იხდის. მისით კმაყოფილი იყო გუნდის ყველა მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია – ჰეიკო ვოგელი, გიუნტერ ნეიკირხნერი, რომან მოლიხი და ნესტორ ელ-მაესტრო.
ფიქსირებული სატრანსფერო საფასური
„შტურმი“ კიტეიშვილის პირველი საზღვარგარეთული გუნდია და ნამდვილად არ იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ბოლო კლუბი. ბოლო თამაშების შემდეგ, ოთარი სხვა კლუბების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
„დღემდე კიტეიშვილის თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა არც ერთი კლუბიდან არ ყოფილა. მაგრამ კიტეიშვილის წასვლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი მისი შენარჩუნებაა. ამიტომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მასთან და მის მენეჯერთან საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყე”, – განმარტავს შიკერი.
ქართველს სტურმთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. თუ მას წასვლა უფრო ადრე მოუნდება, უკვე ცნობილია ტრანსფერის საფასური, რომელიც დაინტერესებულმა კლუბმა უნდა გადაიხადოს. ეს თანხა „შტურმისთვის“ ძალზე მომგებიანია. მაგრამ შიკერი აღნიშნავს: „სატრანსფერო თანხა 25-30 პროცენტით მაინც შემცირდა“.