„შტურმის“ წარუმატებლობა - კიტეიშვილის არყოფნით გამოწვეული ჩავარდნა შესამჩნევია #1TVSPORT
„შტურმის“ წარუმატებლობა - კიტეიშვილის არყოფნით გამოწვეული ჩავარდნა შესამჩნევია #1TVSPORT

„შემოდგომის ქარიშხალი გრძელდება – კიტეიშვილის არყოფნით გამოწვეული ჩავარდნა შესამჩნევი ხდება“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა Sky Sport Austria-მ წერილი, რომელშიც გრაცის „შტურმის“ წარუმატებლობას აანალიზებს.

საქმე ისაა, რომ გუნდმა ბოლოს 17 ოქტომბერს „რიდთან“ 1:0 მოიგო, და მას შემდეგ რვა მატჩია, მოგების გემო დაივიწყა – ექვსი წაგება და ორი ფრე ავსტრიის ბუნდესლიგასა და ევროპის ლიგის ჯგუფში ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერისთვის სერიოზული ჩავარდნაა.

ავსტრიული მედიის და თავად „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის შეფასებით, მიზეზი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის არყოფნაა:

„სეზონის მშვენიერი დაწყების შემდეგ, გრაცის „შტურმი“ წარმატებას შეეჩვია. გასული თერთმეტი თამაშიდან კი, მათ მხოლოდ ერთი მოიგეს. ბოლო წლების ყველაზე წარმატებული სტარტის და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემდეგ, შტირიელები ლაბირინთში შევიდნენ. მწვრთნელის, კრისტიან ილცერის თქმით, ახლა „შტურმს“ საკვანძო მოთამაშე კიტეიშვილი შესამჩნევად აკლია. გუნდის კრიზისი აიხსნება არა მხოლოდ საერთაშორისო მატჩების მძიმე ტვირთით, რაც მოთამაშე გადაღლას იწვევს, არამედ მნიშვნელოვანი ლიდერის, ფლეიმეიკერ ოთარ კიტეიშვილის არყოფნითაც. „შტურმმა“ ქართველის ტრავმის შემდეგ ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო“, – წერს Sky Sport Austria.

ავტორის ანალიზით, ქართველის შემცვლელი კიტეიშვილივით ეფექტური არ არის: 

კოტ-დ’ივუარელმა ანდერსონ ნიანბომ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ მისი პოზიცია დაიკავა „შტურმის“ ნახევარდაცვაში, მაგრამ ამ სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მხოლოდ ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მოახერხა. შედარებისთვის, შემოქმედებითმა კიტეიშვილმა საწყის 14 მატჩში რვა შედეგიანი ქულა დააგროვა“.

„შტურმს“ საკვანძო ფეხბურთელის გარეშე თამაში დიდხანს მოუწევს. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა  ევროპის ლიგაზე „პსვ ეინდჰოვენთან“ (1:4) მატჩის დროს მარჯვენა ფეხის ტერფი დაზიანა და ახალ წლამდე მკურნალობა მოუწევს“.