„შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა კიტეიშვილზე ისაუბრა - ის კარგ მდგომარეობაშია და გუნდთან ერთად შეკრებაზეა #1TVSPORT
გერმანულ გამოცემა „კიკერთან“ გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც გასული სეზონი ტრავმის გამო ფაქტობრივად გაუცდა.
„ოთარ კიტეიშვილის შესახებ კარგი ამბავია. ის კარგ მდგომარეობაშია. უკვე დაისვენა და ახლა გუნდთან ერთად შეკრებაზეა, მის ვარჯიშებს და დატვირთვებს სამედიცინო თვალსაზრისით კარგად ვაკონტროლებთ“, – ამბობს ანდრეას შიკერი.
ავსტრიული გამოცემა abseits-ი კი ამტკიცებს, რომ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნება, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ გუნდი ლეგიონერს აღარ დაიმატებს, რადგან ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიმიტია და თამაში მხოლოდ 4 უცხოელს შეუძლია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კი 10 ნომრით თამაშობს, ანუ ფორმაში მყოფს ადგილი ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს.
„ბოლომდე გაურკვეველია, მოისურვებს თუ არა „შტურმი“ დამატებითი ლეგიონერების დამატებას. შარშან ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ ვიტრიხი, გაზიბეგოვიჩი, გორენც სტანკოვიჩი და ჰეილუნდი. გუნდში რჩებიან ამადუ დანტეც, ტომი ჰორვათთან და ოთარ კიტეიშვილთან ერთად. არის კიდევ ორი უცხოელი, რომლებსაც მუდმივი ადგილის მოპოვების ამბიცია გააჩნიათ. მაგრამ ახლა კიტეიშვილი ფორმაში შევიდა და „შტურმს“ ავსტრიის ბუნდესლიგის ყოველ ტურში შემადგენლობიდან რომელიმე ლეგიონერის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს“, – წერს ავსტრიული გამოცემა.