„შტურმის“ სპორტული დირექტორი - ოთარ კიტეიშვილი ალბათ ახლა არსად წავა, გადაწყვეტილებას მარტში მივიღებთ #1TVSPORT
გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე განაცხადა, რომ, „მეცში“ ოთარ კიტეიშვილის გადასვლაზე გავრცელებული ცნობის მიუხედავად, ქართველი ლეგიონერი, სავარაუდოდ, გუნდში დარჩება.
„ვფიქრობ, რომ კიტეიშვილი ჩვენთან ზაფხულამდე დარჩება. „მეცზე“ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და მეტი არაფერი. ფრანგებს ჩვენს კლუბთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
ავსტრიაში სატრანსფერო „ფანჯარა“ 6 თებერვლამდე გრძელდება და, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელიც წავიდეს, ვინც შემოდგომაზე ნაკლებს თამაშობდა – მაგალითად, თავდამსხმელი ბრაიან ტეიშეირა, მაგრამ კიტეიშვილმა, არ მგონია, რომ დაგვტოვოს“, – განაცხადა შიკერმა.
თუმცა, ავსტრიული გამოცემა krone ამტკიცებს, რომ ახლა სამი მოთამაშის საკითხი წყდება.
„გრაცის „შტურმისთვის“ სატრანსფერო პერიოდი მშვიდად წარიმართა, მაგრამ ახლა შეიძლება ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს. ფრანგულ გაზეთის, L’Equipe-ის მტკიცებით, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი „მეცი“ (სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს) ავსტრიელთა ქართველი ნახევარმცველით, ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა, რადგან გუნდს ასეთი შემოქმედებითი მოთამაშე აკლდა. ახლა გრაცის გუნდში სამეულის მომავალი გაურკვეველია – კიტეიშვილის, გუნდის კაპიტნის, სტეფან ჰიერლანდერისა და ცენტრალური მცველის, დავიდ აფენგრუბერის. სამივეს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
ანდრეას შიკერმა ამის შესახებაც ისაუბრა: „სამივე ფეხბურთელთან კარგი და ღია ურთიერთობა მაკავშირებს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივებას. გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სანაკრებო შესვენების დროს, მარტში მივიღებთ“.