„შტურმის“ „რეჟისორი“ ისევ ტრავმირებულია - ოთარ კიტეიშვილი დროებით დაისვენებს #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონი ავსტრიის თასის პირველ ეტაპზე „როტისთან“ გასვლაზე მოგებით (0:6) დაიწყო, მაგრამ გუნდს ამ მატჩში ოთარ კიტეიშვილი არ დახმარებია – გამოცემა krone-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს.
„ოთარ კიტეიშვილზე კარგი ინფორმაცია არ არის. წარსულში არაერთხელ დაშავებული ქართველი ფლეიმეკერი ისევ ტრავმას მკურნალობს, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ტრავმა უფრო იოლ ფორმებში აქვს.
„შტურმმა“ ავსტრიის თასზე „როტისი“ 6:0 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების შემტევ ოთარ კიტეიშვილს, ამის მიზეზი კი, როგორც გაირკვა, აქილევსის ტრავმაა. 26 წლის ქართველმა ლეგიონერმა აღნიშნული მიზეზის გამო ასევე გამოტოვა სეზონისწინა საკონტროლი შეხვედრები ნორვეგიულ „ბრნოსა“ და თურქული „გალათასარაის“ წინააღმდეგ და ბოლო რამდენიმე დღეა გუნდთან ერთდ არც უვარჯიშია. შეგახსენებთ, რომ ოთარს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა გასულ სეზონშიც. კიტეიშვილს ახლა აქილევსის ქუსლზე აქვს პრობლემები. 3-მილიონიანი საბაზრო ღირებულების მქონე 26 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო იძულებული გახდა გამოეტოვებინა „ბრნოსთან“ და „გალათასარაისთან“ ორი ტესტ-მატჩი. ოთარი ასევე არ იყო სამშაბათის ვარჯიშზე. ეს მორიგი გამოწვევაა ტექნიკური ქართველისთვის, რომელსაც ტრავმის გამო, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე 170 დღე გაუცდა, მაგრამ ის თასზე სიფრთხილის გამო არ ათამაშეს“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „შტურმის“ სარეზერვო გუნდში ტესტირებაზეა 18 წლის ქართველი ცენტრფორვარდი ჯადული იობაშვილი, რომელიც მეორე დივიზიონის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კონტრაქტი „დინამო თბილისთან“ აკავშირებს.