„შტურმის“ მწვრთნელი - კიევის „დინამოსთან“ კიტეიშვილის არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია #1TVSPORT
გრაცის „შტურმი“ ოთხშაბათს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კიევის „დინამოს“ რამდენიმე ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება, მათ შორის კი ოთარ კიტეიშვილიცაა – ამის შესახებ გამოცემა derstandard-თან ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა განაცხადა.
ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი უკრაინელებთან პოლონეთში გასამართ მატჩამდე რთულ მდგომარეობაშია, რადგან გუნდს სამი ლიდერი დააკლდება – იაკობ იანჩერი, ოთარ კიტეიშვილი და ნიკლას გეირჰოფერი. ილცერმა განსაკუთრებით იანჩერის და კიტეიშვილის არყოფნაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვცდილობდით მის მომზადებას, რომ კიეველებთან ეთამაშა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. კიტეიშვილის არყოფნა გუნდისთვის ორი ნაბიჯის უკან გადადგმას ნიშნავს – მის გარეშე თამაში ძალიან რთული იქნება. კიტეიშვილის გარდა იანჩერიც ვერ ითამაშებს, ეს ორი ფეხბურთელი კი თამაშს სრულად ცვლიან, რადგან ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან“, – განაცხადა „შტურმის“ მწვრთნელმა.
„შტურმმა“ გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ოთხშაბათს დაიწყებენ. გუნდმა ბოლოს კვალიფიკაციის ამ ეტაპზე 2011-12 წლების სეზონში ითამამა – მაშინ ავსტრიელები საქართველოს ჩემპიონს, „ზესტაფონს“ დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს. თუმცა, შემდეგ რაუნდში გამოვარდნენ.