„შტურმის“ მთავარი მწვრთნელი - კიტეიშვილი მინიმუმ სამი კვირა ვერ ივარჯიშებს #1TVSPORT
გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა პირველი კომენტარი გააკეთა ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობაზე, რომელიც ბოლო ორ კვირაში მეორედ დაშავდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს 10 აპრილს ვენის „აუსტრიასთან“ კუნთი დაუზიანდა, მაგრამ მალე მომჯობინდა და 24 აპრილს ვენის „რაპიდთან“ გასვლით მატჩში მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. მაგრამ 62-ე წუთზე ისევ დაშავდა და შეცვალეს.
„გრაცის „შტურმში“ საკადრო პრობლემებია. ჯონ გორენც სტანკოვიჩი, ანდერსონ ნიანბო და ოთარ კიტეიშვილი „რაპიდთან“ მატჩში დაშავდნენ. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს მოუწევთ მათ იძულებით დასვენება. ილცერის თქმით, ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქართველს ისევ კუნთები აწუხებს, ის მინიმუმ სამი კვირა ვერ ივარჯიშებს“, – წერს გამოცემა sturmnetz.
„შტურმის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, მოახერხებს თუ არა ოთარ კიტეიშვილი მომჯობინებას და ფორმაში შესვლას მაისის ბოლოსთვის, როდესაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში შეკრებას დაიწყებს.