შტეფან ლიხტშტაინერი მესაათე გახდა #1TVSPORT
შტეფან ლიხტშტაინერი მესაათე გახდა #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ახალ პროფესიას ითვისებს. შვეიცარიელს სურს მესაათე გახდეს და შესაბამის სტაჟირებას გადის.

„მომწონს ეს სამუშაო. საერთოდ, საათები ყოველთვის მიზიდავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ამ სამყაროში მოხვედრა მსურდა. მინდა ვიცოდე, როგორ მუშაობს საათები, როგორ უნდა დაშალო და შემდეგ თავიდან ააწყო ისინი. ვიმედოვნებ, სასარგებლო ინფორმაციას მივიღებ ამ სფეროში. შვეიცარიაში ძალიან მაღალი დონეა. ფეხბურთში დაცვა ხელოვნებაა, ისევე, როგორც საათები. ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ტაქტიკური დეტალები საფეხბურთო მოედანზე. ხშირად, დიდი ეფექტის მისაღებად, საკმარისია ერთი პატარა ჭანჭიკის მოტრიალება. ეს ეხება ფეხბურთსაც და საათებსაც“, – განაცხადა ლიხტშტაინერმა.

37 წლის ფეხბურთელმა სამუშაო იპოვნა ციურიხში მაღაზია „მორის დე მორიაკში“. კომპანიის მფლობელებმა ლეონარდ და მასიმო დრეიფუსებმა განაცხადეს, რომ ლიხტშტაინერი მათი პირველი სტაჟიორია.

„ჩვენ ხანგრძლივ პარტნიორობას ვუმიზნებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მასიმო დრეიფუსმა კითხვაზე – ჩადებს თუ არა ლიხტშტაინერი კომპანიაში ინვესტიციებს.

შვეიცარიელმა კარიერა 2020 წელს დაასრულა. მისი ბოლო კლუბი გერმანული „აუგსბურგი“ იყო.

შტეფან ლიხტშტაინერმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.