შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდენია კანონით დასაშვებ ფარგლებს.
დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობრივად მოერღვიათ ჯებირი და უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
მიუხედავად არაერთი მითითებისა, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად და გამოიყენა პროპორციული ძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.