შსს - შანაი ბრუკის მკვლელობის გახსნის მიზნით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა
შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უწყებამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:
კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით.
ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.