შსს-ს ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ გუშინ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყალბი სიუჟეტი გავიდა ეთერში
შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ გუშინ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყალბი სიუჟეტი გავიდა ეთერში.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გუშინ გასულ მორიგ ყალბ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა.
ტყუილი ნომერი პირველი – სიუჟეტში საუბარია, რომ თითქოს მცხეთაში აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს.
სიმართლე – აგარაკიდან მსგავსი გამოძახება არ მომხდარა!
ტყუილი ნომერი ორი – პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ არ დააკავა;
სიმართლე – პოლიციამ, რა წუთიდანაც მიიღო შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, სამაშველო სამსახურთან ერთად, დაუყონებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები. საგამოძიებო მოქმედებების დროს, ოპერატიულად მოხდა 50-ზე მეტი პირის გამოკითხვა და ამ პროცესში, პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არასდროს ასაჯაროებს გამოკითხულ პირთა ვინაობას.
კერძოდ: მიმდინარე წლის 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა;
22 ივნისს მაშველებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს;
მეორე დღეს, 23 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 50-მდე მოწმე იყო უკვე გამოკითხული;
26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და 17 პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
ტყუილი ნომერი სამი – გარდაცვლილს აქვს მრავლობითი მოტეხილობა, ჩამტვრეული აქვს თავის ქალა და რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენას არ სჭირდება ხანგრძლივი საექსპერტო კვლევა.
სიმართლე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების და სავარაუდო დამნაშავეთა ბრალის ხარისხის დასადგენად. ცნობისთვის, საქმეზე მოწვეულია, აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტი. იმავდროულად, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ სრულფასოვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გარკვეული პერიოდი (დაახლოებით, ორი კვირა) სჭირდება.
„ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს აღენიშნებოდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, ქალა-სარქველი ანუ თავის ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა მოცილებული – ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჩონჩხის ძვლების, ქალა-სარქველის მოტეხილობა, ყურის მოცილება სხეულისგან, გვამის გამოკვლევისას არ აღენიშნებოდა. სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხვა ადგილებზეც. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზეზი, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ მის შემდგომ. იმ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა ან ხელის შეწყობა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.
ტყუილი ნომერი ოთხი – რამდენიმე წლის წინ, პოლიციამ ბერა ივანიშვილის ე.წ. მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი გარკვეული დანაშაულისთვის დააკავა, მაგრამ გავლენიანი მფარველის ჩარევით, პასუხისმგებლობას განარიდა.
სიმართლე – 2014 წელს ავთანდილ ბილანიშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც იგი სასამართლომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააჯარიმა და ამ ინცინდენტის დროს, მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
მოყვანილი ფაქტები ნათლად ცხადყოფენ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზემოხსენებული სიუჟეტი სრულად არის გაჯერებული ცრუ ინფორმაციით, მომზადებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით და ემსახურება კონკრეტულ პირთა დისკრედიტაციის პოლიტიკურ ამოცანას“, – აღნიშნულია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაში.