შსს მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის პოვნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის პოვნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის პოვნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება“, – აცხადებენ შსს-ში.

დაკარგული უცხოეთის მოქალაქის, შანაი ბრუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.