შსს-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს. ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის – 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.