საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას სავარაუდოდ ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.