შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. საუბარია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა. დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.