შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ნ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ გ.დ.-ს.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.