შსს-მ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ. მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.
დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.