შსს-მ ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა დღეს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.