შოუ საგურამოში - 10-კაციანმა „ლოკომოტივმა“ „სამგურალს“ ორჯერ გაუტანა და ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო მატჩი საგურამოში გაიმართა – „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც მოგების შემთხვევაში თბილისურ კლუბს გაუთანაბრდებოდა.
„ლოკო-არენაზე“ გამართული დაპირისპირება სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. მთავარი ამბები კი მეორე ტაიმში მოხდა – იყო გოლები, გაძევებები, მოულოდნელად განვითარებული მატჩის სცენარი. ანგარიში შესვენების შემდეგ წყალტუბოელებმა გახსნეს. 52-ე წუთზე, შეტევა მარჯვენა ფლანგიდან თედო კიკაბიძემ სწრაფად განავითარა და მოედნის ცენტრში პაპუნა ფონიავა მოძებნა, რომელმაც თანაგუნდელებთან „კედელი“ ორჯერ გაითამაშა და ბოლოს უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა 0:1.
57-ე წუთზე სერგო კუხიანიძეს მეორეს გატანაც შეეძლო, როდესაც ადამა ვადის გაცდა და დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. 57-ე წუთზე მასპინძლები ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. კუხიანიძე ისევ ადამა ვადის გაცდა და მეკარესთან პირისპირ სანამ გავიდოდა, სენეგალელმა წააქცია და მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს. ამით სტუმრებმა სწრაფად ისარგებლეს და ჯარიმა გოლად გადააქციეს. სტანდარტი გიორგი თევზაძემ შეასრულა და ბურთი „ლოკომოტივის“ კარის „ცხრიანში“ ჩაახვია 0:2.
„ლოკომოტივი“ გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაგრამ 10 მოთამაშით დარჩენილმა გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენა მაინც აღმოფხვრა. შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა 70-ე წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით შეამცირა 1:2. ხოლო 79-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა 2:2.
ერთ წუთში 10 მოთამაშით უკვე სტუმრებიც დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი ლუქმან გილმორსაც აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, ეს სანახაობრივი მატჩი 2:2 დასრულდა.
25 ტურში „ლოკომოტივმა“ 37 ქულა დააგროვა და „საბურთალოსთან“ და „დილასთან“ (40-40 ქულა) სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, „სამგურალმა“ კი (34 ქულა) მეტოქის დაწევის შანსით ვერ ისარგებლა და მე-6 ადგილზე დარჩა.