შოუ დადგა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა - კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მოიგო და გალიდერდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე აქტიური და სახიფათო იყო „ნაპოლიში“ სერია „ა“-ს მე-6 ტურის შეხვედრაში „სპეციასთან“, რომელიც ქართველის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ქართველმა თავდამსხმელმა დიდი მონდომების და შექმნილი მომენტების მიუხედავად, მოედანი გოლის და საგოლე გადაცემის გარეშე დატოვა.
კვარაცხელიამ ძირითადიდან დაიწყო მატჩი, რომლის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თუმცა, ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც მატჩამდე სერია „ა“-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს, პირველივე წუთებიდან მონდომებული და ეფექტური იყო.
ხვიჩას კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. მან პირველად კარის აღება მე-6 წუთზე სცადა, როდესაც ულამაზესი ფინტებით ორი მცველი ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეფარა და მომენტი განმუხტა. გავიდა ცხრა წუთი და ქვედა მარცხენა კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბარტლომეი დრაგოვსკიმ ბრწყინვალე სეივით მოიგერია.
23-ე წუთზე ხვიჩამ შესანიშნავად უკვე ინდივიდუალურად იმოქმედა, შევარდა საჯარიმოში და მეკარესთან მიახლოებულმა ქვედა მარცხენა კუთხეში გაისროლა, მაგრამ დრაგოვსკიმ ბურთის მიმართულება გამოიცნო. 34-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და გოლის გატანის საშუალება ჰქონდა და დარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა დაბლოკა და კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმშიც ერთ-ერთი პირველი სახიფათო მომენტი ქართველმა შექმნა. 50-ე წუთზე ხვიჩამ კუთხურიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმო მოედნის კიდედან დაურტყა, მაგრამ ბურთი ერთ-ერთმა მცველმა დაბლოკა. მე-60 წუთზე ანგარიშის გახსნის კარგი შანსი პიოტრ ზელინსკის ჰქონდა, მაგრამ დრაგოვსკიმ კვლავ შესანიშნავად ითამაშა. 67-ე წუთზე კი სპალეტიმ კვარცხელია ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა.
„ნაპოლიმ“ მიზანს ბოლოს მიაღწია. 89-ე წუთზე შეხვედრის ბედი ჯაკომო რასპადორიმ გადაწყვიტა, მცველებს დაასწრო და ქვედა მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
თამაშის ბოლოს ლუჩიანო სპალეტის მსაჯმა, ალბერტო სანტორომ მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და „ნაპოლის“ მწვრთნელი იძულებული გახდა, სათადაროგოთა სკამი დაეტოვებინა.
დამატებულ სათამაშო დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, „ნაპოლიმ“ 1:0 მოიგო და სერია „ა“-ში გალიდერდა.