შოტლანდიური გამოცემა - კვარაცხელიას თუ შევაჩერებთ, ქართველებთან ექვს ქულას მოვიპოვებთ #1TVSPORT
შოტლანდიურმა გამოცემამ, brignews-მა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში შოტლანდიის ნაკრების მეტოქეები და მათთან საკუთარი ეროვნული გუნდის შანსები შეაფასა. შოტლანდიელებს ცუდად ახსოვთ საქართველოსთან ორი მტკივნეული წაგება – გამოცემის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიას თუ ჩაკეტავენ, საქართველოსთან 6 ქულას მოიპოვებენ.
საქართველო – 78-ე ადგილი ფიფა-ს რეიტინგში
რატომ გვაქვს მუდამ პრობლემა საქართველოსთან?
„2008 წელს, შოტლანდიამ სასწაულებრივად დაამარცხა საფრანგეთი, როგორც სახლში, ისე სტუმრად, იტალიასთან ერთად რთულ ჯგუფში, თუმცა სამარცხვინოდ საქართველოში უხერხული 0:2 მარცხი განიცადა ამ ორი გუნდის ხარისხის გათვალისწინებით. 2016 წელს ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდა, როდესაც შოტლანდია დამარცხდა საქართველოსთან 0:1 იმ მატჩში, რომელიც გორდონ სტრაჩანის გუნდს პლეი-ოფში გასვლას უზრუნველყოფდა.
ამჟამად ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, უდავოდ „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც „ქართველი მარადონა“ უწოდეს, ყურადღების ცენტრში მოხვდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გააწვალა. მერე გოლით და ასისტით დაეხმარა „ნაპოლის“ ამსტერდამში „აიაქსის“ დამარცხებაში 6:1, რაც მისი კარიერის ფანტასტიკური დასაწყისი იყო.
შეუძლია შოტლანდიას ამჯერად მაინც დაძლიოს საქართველოს ნაკრების ბარიერი? ჯგუფის სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ, საქართველოსთან დაკარგული ნებისმიერი ქულა შეიძლება ისევ ძვირად დაგვიჯდეს. მაგრამ თუ სტივ კლარკის დაცვა შეძლებს ახალგაზრდა კვარაცხელიას შეჩერებას, მაშინ ამჯერად ექვსივე ქულის მოპოვების ფანტასტიკური შანსი გვექნება“, – წერს გამოცემა.