შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესია, მოგება მიზნის მიღწევას გაგვიადვილებს #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი გახარებული დარჩა არა მხოლოდ ნორვეგიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩის მოგებით, არამედ გუნდის ხასიათითაც და 20 ივნისს საქართველოსთან გასამართ შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა.
კლარკის გუნდი ოსლოში აგებდა, მაგრამ 87-ე და 89-ე წუთზე გატანილი გოლებით 2:1 გაიმარჯვა და სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ (9 ქულა) A ჯგუფის ლიდერია. შოტლანდიას ჩამორჩებიან საქართველო (4 ქულა), ესპანეთი (3 ქულა – 17 ივნისს არ ითამაშა) და ნორვეგია (1 ქულა). სტივ კლარკის თქმით, შემდეგ ტურში საქართველოსთან მოგება ევრო 2024-ს გუნდს კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებს.
„კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან ნორვეგია ძლიერი ნაკრებია და დიდ ზეწოლას გავუძელით. მართალია, მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ გამარჯვების რწმენა არ დაგვიკარგავს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამისთვის ჯილდოდ 3 ქულა მივიღეთ.
თამაშის ბედი შეცვლაზე შემოსულმა კენი მაკლინმა გადაწყვიტა. ეს ბევრს მეტყველებს როგორც ჩვენი გუნდის, ასევე სათადარიგოთა სკამზე მყოფთა ხასიათსა და საერთო სულისკვეთებაზე. მოთამაშეებთან მუდმივად ამაზე ვსაუბრობ. ჩვენს ბევრ ფეხბურთელს აქვს ის კლასი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შოტლანდიის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს.
თუ ჩვენ გვინდა დიდ ტურნირებზე მოხვედრა, ქულები ძლიერ გუნდებთან უნდა დავაგროვოთ. ამიტომ ეს სამი ქულა უმნიშვნელოვანესია. ამ გამარჯვებით და შესანიშნავი შედეგით ჩვენი გუნდი სასურველ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ საქმის მხოლოდ ნაწილი გავაკეთეთ და დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებები კიდევ უფრო გვჭირდება.
საქართველოსთან შეხვედრის მოგებით ლიდერობას კიდევ უფრო განვიმტკიცებთ, რაც ჯგუფში მიზნის მიღწევას კიდევ უფრო გაგვიადვილებს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რომლითაც ტურნირის პირველ ნაწილს დავასრულებთ“, – ამბობს შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი.