შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან გამარჯვებით ევრო 2024-ს მივუახლოვდით #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა, სტივ კლარკმა საქართველოსთან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის მოგების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია თავისი გუნდის გამარჯვებით. მან ასევე ისაუბრა წვიმის გამო შეხვედრის შეჩერებაზე.
ევრო 2024-ის ფინალური ეტაპისკენ გზის ნახევარი შოტლანდიამ უდანაკარგოდ გაიარა და ოთხ მატჩში მოპოვებული 12 ქულით პირველ ადგილზეა. ძლიერი წვიმის გამო „ჰემპდენ პარკზე“ დაპირისპირება ჩაშლის პირას იყო. კლარკმა აღიარა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს.
„ამ მატჩის სცენარი სიურეალისტური გახლდათ. ყველაზე რთული მაინც პირველი შეჩერება იყო, როცა ყველა ემზადებოდა, მაგრამ მივხვდით, რომ თამაშის ჩაშლა რეალური იყო. ასეთ არაორდინალურ პირობებში სათამაშო განწყობა შევინარჩუნეთ. მსურს, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მოედნის წყლისგან დაცლაში იღებდა მონაწილეობას.
საინტერესო კალენდარი გვქონდა – სამი შეხვედრა საკუთარ მოედანზე და მოგზაურობა ნორვეგიაში. ჩვენი მიზანი იყო, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ნახევარში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოგვეგროვებინა და ეს მოვახერხეთ. მეორე ნახევარში უნდა ვიბრძოლოთ, სამი გასვლითი მატჩი გვაქვს და არანაკლებ მძიმე საშინაო თამაში ნორვეგიასთან.
ვინმეს რომ ეთქვა, პირველ ოთხ თამაშში 12 ქულას ავიღებდით, არავინ დაიჯერებდა. ჩვენ კი ეს შევძელით. შესანიშნავია, საქართველოსთან გამარჯვებით ევრო 2024-ს მივუახლოვდით, მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება რამდენიმე ქულა. ასე რომ, მომავალ დაპირისპირებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და გამარჯვებას შევეცდებით“, – თქვა კლარკმა.