შოტლანდიის ნაკრების მცველი - თბილისში საქართველოსთან ორი მატჩი წავაგეთ და ახლაც რთული თამაში გველის #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი გუნდის პროგრესის მთავარი მიზეზია – ამის შესახებ ბრიტანელთა მცველმა, საუდის არაბეთის „ალ იტიჰადის“ წევრმა, ჯეკ ჰენდრიმ ისაუბრა, რომელმაც კომენტარი საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა.
კლარკმა შოტლანდია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გაიყვანა. ამჯერად ეს შესარჩევი ჯგუფის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოახერხა. 16 ნოემბერს საქართველოსთან მატჩი კლარკისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში საიუბილეო, 50-ე იქნება და 25-ე გამარჯვებას იმედოვნებს.
„სტივ კლარკმა უდიდესი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებაში. ის მაღალ სტანდარტებს აწესებს, თავდაჯერებულობას გვმატებს, რომ მოვიგოთ და წინ წავიდეთ. ტაქტიკურად კარგად გვამზადებს და გვჯერა, რომ შედეგის ჩვენება გრანდებთანაც შეგვიძლია. კლარკი ეროვნული გუნდის წარმატების საფუძველია.
არ უნდა გავჩერდეთ და ასე გავაგრძელოთ. შოტლანდიის ნაკრებში თამაში ყოველთვის მსიამოვნებს, ჩვენ ერთსულოვანი გუნდი ვართ. იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ადგილი უკვე დაჯავშნილი გვაქვს, მაინც წინსვლაზე ვფქრობთ. A ჯგუფში შოტლანდია ესპანეთს გოლების სხვაობით ჩამორჩება, საქართველოსთან და ნორვეგიასთან გამარჯვება კი პირველობაში დაგვეხმარება.
ვიცით, რომ თბილისში რთული თამაში გველის, სადაც შოტლანდია 2007 და 2015 წლებში დამარცხდა. ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურს. მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და თამაშზე მოტივირებული გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, – ამბობს ჯეკ ჰენდრი.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან 16 ნოემბერს გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.