შოტლანდიამ საქართველო ანგარიშით 36:9 დაამარცხა
შოტლანდიამ საქართველო ანგარიშით 36:9 დაამარცხა

დასრულდა მატჩი ედინბურგში, სადაც ერთმანეთს შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებები ხვდებოდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც შოტლანდიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ალი პრაისმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანზე დაამიწა – 5:0.

ამის შემდეგ, მოვლენები ელვისებურად განვითარდა. ლელოს მიღებიდან ძალიან მალე ქართველებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს: მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 5:3 გახდა, თუმცა სკოტებმა უპირატესობის გაზრდა ამ მომენტიდან სამ წუთში მოახერხეს, როდესაც კინგჰორნმა მეორე ლელოს დადება შეძლო და ანგარიში 10:3 გახადა.

მიუხედავად ამისა, 26-ე და 29-ე წუთებზე აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. ამჯერად ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა – 10:9.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორეში კი, მატჩის 49-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს და ანგარიში 17:9 გახდა.

69-ე და 71-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს საქართველოს ნაკრები და ანგარიში 29:9 გახადეს, 77-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში- 36:9 დააფიქსირეს.