შოთა არველაძე - წარმოუდგენელი გრძნობა იყო „რეინჯერსში“ თამაში და გატანა [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძე - წარმოუდგენელი გრძნობა იყო „რეინჯერსში“ თამაში და გატანა [ვიდეო] #1TVSPORT

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გლაზგოში გამართულ ლეგენდების შეხვედრას, რომელიც „რეინჯერსის“ დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

„რა დღეა – მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი „აიბროქსზე“ ლეგენდების შეხვედრაში. წარმოუდგენელი გრძნობა იყო ამ მაისურით ისევ თამაში და „რეინჯერსისთვის“ გოლის გატანა. გულშემატკივრებისგან გასაოცარი ენერგია მოდიოდა. მადლობა ჩემს ძმას, რონალდ დე ბურს ამ შესანიშნავი გადაცემისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

რეინჯერსის“ იუბილეზე გლაზგოს გუნდის და მსოფლიო ლეგენდების მატჩში საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანმა თავდამსხმელმა შოტლანდიელების შემადგენლობაში ითამაშა და ეფექტური გოლიც გაიტანა.

მატჩზე დამსწრე 40 ათასი მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა ქართველი თავდამსხმელის გოლს, რომელმაც დე ბურის გადაცემით ისარგებლა – შოთამ ფლანგური გადაცემა ეფექტური თავური დარტყმით დააგვირგვინა.

„აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ ფორმით, არველაძესთან ერთად ითამაშეს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, პოლ გასკოინმა, სასა პაპაკმა, მაიკლ მოლსმა, კრის ბოიდმა, რონალდ დე ბურმა, ბარი ფერგიუსონმა. მსოფლიო ლეგენდების გუნდს კი ლუიშ ფიგუ კაპიტნობდა, რომლის გუნდშიც იყვნენ კაკა, კლოდ მაკელელე, ივან კორდობა, რიკარდო კარვალიო, ნუნუ გომესი, რუი კოშტა, პრედრაგ მიატოვიჩი, რობი კინი, რობერტ პირესი.

არველაძე „რეინჯერსში“ 2001-2005 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში ქართველი თავდამსხმელი ორჯერ დაეხმარა გუნდს ჩემპიონობის, თასისა და ლიგის თასის მოგებაში და გულშემატკივრების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.